ევროპის მოედანზე მანქანების ქაოსური მოძრაობა და უკანონო პარკინგი - პრობლემა, რომელიც მერიამ ვერ გადაჭრა

23 ოქტომბერი 2018, 00:00 3725 ნახვა

ქალაქის ყველაზე პოპულარულ და ხალხმრავალ ადგილზე - ევროპის მოედანზე შემავალი პატარა ქუჩა 5 წელზე მეტია უკანონო პარკინგის ზონაა.  ქუჩის ერთი მხარე ევროპის მოედანს უერთდება და იქვე მთავრდება.

 ცალმხრივ ქუჩაზე, არც პარკინგია დასაშვები და იგი პრაქტიკულად ჩიხია, თუმცა ოფიციალურად ამას არც მერია და არც საპატრულო პოლიცია არ აღიარებს.  

რადგან დუმბაძეს ქუჩის სტატუსი აქვს და არა ჩიხის, აქ ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია. შესაბამისად შსს არავის აჯარიმებს.  არ აკონტროლებს ტერიტორიას უკანონო პარკინგისთვის არც ბათუმის მერია, რადგან ოფიციალურად აქ პარკინგის ზონა არ არის.   პასუხისმგებლობას არავინ იღებს, რეალურად კი მოედანზე სატრანსპორტო ქაოსია.

ტერიტორია ტაქსებისთვის, მათ შორის თბილისი-ბათუმის საქალაქთაშორისო მინივენებისთვის  და ტურისტული კომპანიებისთვის სადგომი იყო ტურისტულ სეზონზე, მძღოლებისთვის მთელი წლის განმავლობაში კი მოსაბრუნებელი და საპარკინგე ტერიტორიაა.

5 წლის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სიტუაციის დასარეგულირებლად  თვითმმართველ ორგანოს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

2011 წელს კი, ბათუმის მერიამ ქუჩის შესასვლელ ნაწილში მანქანების  ბარიერი დაამონტაჟა.  ქუჩაზე მოხვედრას მხოლოდ იქ მცხვორებლები ახერხებდნენ.  ბარიერმა დაახლოებით ორი წელი იმუშავა, შემდეგ კი სისტემა მოიშალა და არ შეკეთებულა. 

ევროპის მოედანის მიმდებარედ და უშუალოდ მოედანზე ავტომანქანების მოძრაობით შეწუხებულმა მოქალაქეებმა რეაგირებისთვის მერიის მაკონტროლებელ ორგანოს მიმართეს. მეზობლების სახელით მანანა ანანიძემ ბათუმის საკრებულოს წევრებს სხდომაზე მერიასთან შუამდგომლობა სთხოვა

„ჩვენთან, დუმბაძის ქუჩაზე წლების წინ გვქონდა მანქანების ბარიერი, რომელიც იღებოდა და იკეტებოდა. ამიტომ ამდენი ავტომობილი ვერ შემოდიოდა ტერიტორიაზე.  დუმბაძის ქუჩა ჩიხია, ის ერას მოედანზე გადის და არანაირი გამავალი გზა არ არსებობს, არც პარკინგია ოფიციალურად, თუმცა იქ შემოდის ყველა მანქანა და დგება. ელემენტარულად, სასწრაფოს როცა ვიძახებთ,  გასაჩერებელი ადგილიც არ ხვდება.  ჩვენ, ამ ქუჩის მცხოვრებლები მანქანებისთვის ბარიერის აღდგენას ვითხოვთ“ - განაცხადა მანანა ანანიძემ. 

შეწუხებული მცხოვრებლების გარდა,  დუმბაძის ჩიხსა და ევროპის მოედანზე მოძრავი ავტომობილები საფრთხის შემცვლელია  მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოედანზე ისვენებენ და ბავშვები ღია სივრცეში სათამაშოდ ჰყავთ გაშვებული.  

„რამდენჯერმე შემექმნა საფრთხე, ბავშვი მოედანზე დარბოდა, პირველი აფთიაქისკენ გადავიდა და მანქანას კინაღამ შეუვარდა. აქ უამრავი ტურისტი დადის, უნდა ნახოთ რა ხდება კარგ ამინდში. ზოგი ფოტოს იღებს, ზოგი ბუშტებით დარბის, ამ დროს კი ჩვეულებრივად, მოძრავ ქუჩაზე დგახარ, სადაც შემოვარდება ხან მსუბუქი მანქანა, ხან სკუტერი, დილით დისტრიბუციის დიდ მანქანებსაც შეხვდებით, მოედანზე აბრუნებენ მანქანას. ეს ნამდვილი განუკითხაობაა, უპატივცემულობა ადამიანების. თუ მოედანია და დასასვენებელი სივრცე, გზა არ უნდა იყოს“  - გვითხრა თამარ სურმანიძემ. 

ქალაქის მერი ლაშა კომახიძე აჭარის მაუწყებელთან ამბობს, რომ დუმბაძის ქუჩაზე დაზიანებული სისტემა საკმაოდ ძვირადღირებულია სისტემაა და მის შეკეთებას  დახლოებით 60 – 70 ათასი ლარი სჭირდება.

„ ჩვენ ვფიქრობთ (ბარიერის) ალტერნატიულ ვარიანტზე. ზოგადად დუმბაძის ქუჩას განვიხილავთ იმ ქუჩებს შორის, რომელიც უნდა დაიკეტოს და მიეცეთ საშუალება ფეხით მოსიარულეებს უფრო მეტი სივრცე ჰქონდეთ.  ასე,  რომ გეთანხმებით, დუმბაძის ქუჩაზე მეტი ყურადღება არის მისაქცევი და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“ - ირწმუნება ლაშა კომახიძე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი