აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ წუთებში ხულოში იმყოფება. არჩეული მერის გადადგომის შემდეგ, თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიანეთში ავიდა.
მოსალოდნელია თუ არა თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებები? აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას მთავრობის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შესაძლოა მომავალშიც განხორციელდეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი მუნიციპალიტეტის მერის მუშაობით არის უკმაყოფილო ან კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებაზე არის საუბარი.
თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ გუნდის გადახალისება ნებისმიერ დროს შესაძლოა განხორციელდეს.
''რაც შეეხება ცალკეულ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა ეს მომავალშიც არ არის გამორიცხული, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა ერთ საკითხს, თვითმმართველობები კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათი მანდატიდან გამომდინარე ახორციელებენ საქმიანობას. აღმასრულებელი ხელისუფლების შტოდან, ამ შემთხვევაში კი მთავრობის თავმჯდომარის მიერი მუნიციპალიტეტების დონეზე საკადრო გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. ჩვენ ვართ ერთი პოლიტიკური გუნდი და გვაქვს ერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. გადაადგილებები, რომელიც ახლა განხორციელდა და რომელიც მომავალში იქნება, მთავარი მიზანი არის აღებული პასუხისმგებლობის ღირსეულად ტარება'' - უთხრა მაუწყებელს თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძე ირწმუნება, რომ გოჩა მელაძესა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას ადგილი არ ქონია და თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკაში აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერევა.
ხულოს არჩეულმა მერმა თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა. ხულოს არჩეულმა მერმა თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა. მერის მოვალეობას ამ ეტაპზე ვახტანგ ბერიძე ასრულებს, რომელიც 17 ოქტომბრამდე ხულოს პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.