ცესკოში საჩივრების დიდი ნაწილი ფეიბუქზე საარჩევნო აგიტაციას ეხება

19 ოქტომბერი 2018, 00:00 2496 ნახვა

''ამ არჩევნებზე გამოიკვეთა ისეთი ტიპის საჩივრები, რომელიც სოციალური ქსელებში, პირად გვერდებზე სააგიტაციო მასალების განთავსებას ეხება'', - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, დღეს მან არჩევნების შუალედური ანგარიში წარადგინა. 

ჟვანია განმარტავს, რომ კანონში პირადი ფეისბუქ გვერდების საკითხი არ არის ცალსახად რეგულირებული, ამიტომ საარჩევნო ოლქებისა და უბნების წევრებს ოფიციალური წერილი გაუგზავნა - თავი შეიკავონ სოციალურ ქსელებში სააგიტაციო მასალის განთავსებისგან

„ ვიკვლევთ ამ საკითხებს, ხომ არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საჩივრების ტენდენცია უფრო ამ მიმართულებით არის შემოსული. საუბარია არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე, არამედ საჯარო მოხელეებზეც, საარჩევნო კომისიის წევრებზეც, რომ გააზიარეს სააგიტაციო მასალა. არა მხოლოდ ერთის, არამედ სხვადასხვა კანდიდატისაც... " - ამბობს ჟვანია. 

ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, მესამე სექტორმა რამდენიმე საჩივარი დაწერა, როცა სააგიტაციო მასალას საჯარო მოხელეებმა გაავრცელეს საკუთარ ფბ გვერდზე.  

რაც შეეხება სხვა ტიპის დარღვევებს, თამარ ჟვანიას თქმით, ცესკომ ამ დრომდე 3 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა: ორ შემთხვევაში ეს შეეხებოდა კომისიის საქმიანობის ხელშეშლას, ხოლო ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ტყიბულში.

თამარ ჟვანიამ შუალედური ანგარიში ადგილობრივი სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ცესკოსთან არსებული სამუშაო ჯგუფებისა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო. 

ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს. ცესკოს მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებულია საქართველოს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი