ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სოფელ თეთროსანის გადასახვევთან ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული მგზავრები რეგიონულ კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტებს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ. ერთი ბინაზე მალევე გაწერეს. მეორე კი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრანსპორტში კიდევ 6 მგზავრი იმყოფებოდა, რომლებსაც მედიკოსების დახმარება არ დასჭირდათ. მოქალაქეებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.