მონოპოლიების გავლენა საწვავის ფასზე

26 სექტემბერი 2018, 00:00 2633 ნახვა

ბენზინის, დიზელის და საავტომობილო გაზის ბაზრებს საქართველოს კონკურენციის სააგენტო უკვე მეშვიდე თვეა სწავლობს. სააგენტოში ირწმუნებიან, რომ პროცესს ჯერ კიდევ აკვირდებიან და განცხადებას მონიტორინგის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურები კონკრეტულად იტყვიან ხდება თუ არა ფასების ხელოვნურად გაზრდა, განცხადებებს ღიად აკეთებენ ექსპერტები და ეკონომისტები. 

ისინი ამბობენ, რომ ბაზარი მონოპოლიზირებულია და ფასები ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად იზრდება. 

ეკონომისტების ინფორმაციით, ამის თქმის საფუძველს იძლევა კვლევა, რომელიც ​ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ნავთობის ფასთან დაკავშირებით ჩაატარა. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარის განცხადებით, ცუდი ტენდენცია გამოიკვეთა. ''​გამოჩნდა ძალიან სამწუხარო ტენდენცია. არსებულ რეალობას კომპანიები ხელოვნურად, ''ფასები დაჭერის'' პოლიტიკით კიდევ უფრო ამძიმებენ''.

ეკონომიკის ექსპერტ პაატა აროშიძის თქმით, კი მონოპოლიზებული ბაზარი კომპანიებს საშუალებას აძლევს მათთვის ხელსაყრელი ფასი თავად დაადგინონ.  

კიდევ ერთი მიზეზი, რასაც ექსპერტები საწვავის ფასის ზრდას უკავშირებენ ლარის კურსია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ეროვნული ვალუტა რამდენჯერმე გაუფასურდა.

მათი განმარტებით, კომპანიებს საწვავის დაახლოებით ორი კვირის მარაგი აქვთ, თუმცა ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, ფასს ისინიც დაუყოვნებლივ ცვლიან, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. 

ბოლო ორ კვირაში საქართველოში საწვავის ფასი ისევ გაიზარდა და მიმდინარე წლის სექტემბერში 10-12 თეთრით გაძვირდა. ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება დღეს 2 ლარსა და 65 თეთრზე მეტია. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი