სხდომის დახურულ ფორმატში გამართვა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია - თორნიკე რიჟვაძე

29 აგვისტო 2018, 00:00 1425 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დახურულ სხდომებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს დღეს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პასუხობდა. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ სხდომის ამ ფორმატში გამართვა არის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული, ის სრულად პასუხობს, როგორც მთავრობის წინაშე არსებულ ამოცანებს, ასევე საზოგადოების დაკვეთას. 

''მთავრობა ვალდებულია პატივი სცეს კანონდებლობას და ნებისმიერი რეგლამენტს, რომელიც მოქმედებს. რაც შეეხება სხდომების ნაწილს, ჩვენ გვაქვს ძალიან სიღრმისეული მსჯელობა და დეტალური განხილვა იმ საკითხების, რომელიც მთავრობის სხდომაზე გამოდის. ასევე დაცული არის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც.  შესაბამისად, სხდომის ეს ფორმატი სრულად პასუხობს, როგორც მთავრობის წინაშე არსებულ ამოცანებს ასევე, სრულად პასუხობს საზოგადოების დაკვეთას'' - განაცხადა რეგიონის მმართველმა.

წამყვანის კითხვაზე სცემდნენ თუ არა პატივს რეგლამენტს წინა მთავრობის თავმჯდომარეები, როდესაც ჟურნალისტებისთვის სხდომებს არ ხურავდნენ, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ისინი საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებდნენ.  

''წინა მთავრობის თავმჯომარეები მათი დისკრეციის ფარგლებში იღებდნენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათი გადასახედიდან საჭირო იყო სხდომის ჩატარებისთვის''.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის რანგში, თორნიკე რიჟვაძემ განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად, პირველი სხდომა 31 ივლისს გამართა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ  მედიასაშუალების წარმომადგენლებს კადრების აღება სხდომის დაწყების დროს, პირველი 10 წუთის განმავლობაში შეეძლებოდათ. შემდეგ კი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაგრძელდებოდა. 

მთავრობა ათი წლის წინ, ლევან ვარშალომიძის მმართველობის დროს მიღებული რეგლამენტით ხელმძღვანელობს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მესამე სექტორის კრიტიკაც მოჰყვა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი