აკრძალულ დროს ფოიერვერკის გაშვების გამო მოქალაქე დაჯარიმდა - ბათუმის მერი

28 აგვისტო 2018, 00:00 2367 ნახვა

გუშინ, გვიან ღამით ბათუმში ფოიერვერკის აფეთქების ხმა იყო. ძლიერი ხმაური რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. 

ხმაურისგან გამოწვეული დისკომფორტს შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელშიც წერდნენ და ბათუმის მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. 

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დღეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ ღამის საათებში პიროტექნიკის აფეთქების გამო, მოქალაქე უკვე დააჯარიმეს. 

არსებული ინფორმაციით, 27 აგვისტოს, დაახლოებით პირველ საათსა და 10 წუთზე, ფოიერვერკი  დაბადების დღის აღსანიშნავად, ერთ-ერთი რესტორნიდან გაუშვეს.

ღამის საათებში აკრძალულია და დასჯადია პიროტექნიკის გამოყენება. 2018 წლის პირველი ივლისიდან ბათუმის მერიამ ხმაურის კონტროლი დაიწყო. მაუწყებელმა აღნიშნულ თემაზე არაერთი რეპორტაჟი მოამზადა. გაფრთხილებული არიან  ობიექტების მეპატრონეები და ასევე ფიზიკური პირებიც. 

ხმაურის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს შემდეგ ნომერზე: 598 85 15 20, ან ქალაქის ტელეფონზე: 29 20 05, 29 20 06-ზე დარეკონ.

ძილის დარღვევა, აშლილობა, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ტანჯვა – ამ ყველაფერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით გადაჭარბებული სამშენებლო, სატრანსპორტო, მუსიკისა და ხალხის მიერ გამოწვეული ხმაური იწვევს.

2017 წელს პარლამენტმა 83 ხმით ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ახალი რეგულაციით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

ამავე კატეგორიაში