ამერიკის მოკავშირე და პარტნიორი - ეს არის ჩანაწერი აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტიდან, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში ამერიკის მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად ქვეყნის თავდაცვის მდივანმა, სახელმწიფო მდივანთან, ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას.
ამასთან ცნობილია რომ ამერიკის 2019 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობას ზღუდავს. როგორც კანონში არის აღნიშნული, ვინაიდან რუსეთი არღვევს „ღია ცის“ სახელით ცნობილი შეთანხმების პირობებს, იკრძალება აღნიშნული შეთანხმების უზრუნველსაყოფად ფინანსური სახსრების გამოყოფა, ვიდრე რუსეთი არ წარადგენს მტკიცებულებებს შეთანხმების ყველა პირობის შესრულების თაობაზე.