პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე, საქართველოს პრეზიდენტისთვის წერილის მიწერას აპირებს, სადაც იმ გარემოებებს ახსნის, რის მსხვერპლადაც თავს მიიჩნევს. “პრეზიდენტს შეუძლია და აქვს უნიკალური ბერკეტი და საშუალება, უფრო დეტალურად ჩასწვდეს, საზოგადოებაზე უფრო მეტად, უფრო ღრმად და ძირფესვიანად შეისწავლოს ეს საკითხი და მიიღოს ის გადაწყევტილება, რომელიც ნათელს მოჰფენს ყველაფერს, მაგრამ ეს უკვე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა"-აღნიშნა ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა რუსთავი2 -ის ეთერში სატელეფონო საუბრისას.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან - რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. სასულიერო პირი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.