ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე მცხოვრებლები საცხოვრებელ სახლებთან არსებული კაფე-ბარების დახურვას ითხოვენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საღამოს საათებიდან - დილამდე მუსიკის ხმაური მათთვის შემაწუხებელია. დუმბაძის ქუჩაზე მდებარეობს ერთ-ერთი სასტუმროც, რომლის მეპატრონის თქმით, პრეტენზიებს მათთან ერთად დამსვენებლებიც გამოთქვამენ. ერთ-ერთი კაფეს მფლობელის განმარტებით კი მათი ობიექტიდან ხმაური არ გადის და ისინი იცავენ წესებს.
ბათუმის მერიის ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილების უფროსის, თემურ ხოზრევანიძის განცხადებით, დუმბაძის ქუჩას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან, ამბობს რომ რამდენიმე ობიექტი აქამდე გააფრთხილეს კიდეც, ასევე დაჯარიმებულია ერთ-ერთი კაფე.