''ენერგო-პრო ჯორჯია'' მოსახლეობას აფრთხილებს 

26 ივნისი 2018, 00:00 2329 ნახვა

''ენერგო-პრო ჯორჯია'' მოსახლეობას მოუწოდებს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, ქვესადგურების და ნებისმიერი სხვა ენერგოობიექტის სიახლოვეს უსაფრთხოების წესები დაიცვან.

კომპანია განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში წერია, რომ ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას! 

''მოსახლეობისთვის დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია! გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთის, რადგან არ არის გამორიცხული, მოხდეს სპეციალური ხელსაწყოს შეხება სადენზე. სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, მასთან მიახლოება დაუშვებელია. ასევე, აღნიშნული საყურადღებოა მშობლებისთვის, რადგან ბავშვების თამაში ღია სადენებთან სიახლოვეს, საშიშია სიცოცხლისთის'' - წერია განცხადებაში. 

''ენერგო-პრო ჯორჯია'' მოქალაქეებს მოუწოდებს, დაღვევების დაფიქსირების შემთხვევაში კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკონ. 

''იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქსელებში შეინიშნება რაიმე ავარიული ან საშიში მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს''. 

19 მაისს, თევზაობის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა. 

 ​''ენერგო პრო ჯორჯიამ'' განცხადება იმავე დღეს გაავრცელა. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი