ოზურგეთის საკრებულოს შენობაში ხმაურია. ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ბესო ქათამაძეს და დავით მჟავანაძეს სამართალდამცველები საკრებულოს შენობაში, კაბინეტში არ უშვებენ. სამართლადამცვები ცდილობენ მათ შენობა დაატოვებინონ. საკრებულოს შენობასთან პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა აქტივისტმა, ნუგზარ გიორგაძემ აქციის მონაწილეებთან დოკუმენტები მიიტანა და განაცხადა, რომ ამ დოკუმენტებში ასახული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები. აქციის მონაწილეებმა გიორგაძეს დოკუმენტები წაართვეს და დაუხიეს.
ოზურგეთის მერიის შენობასთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ნუგზარ გიორგაძე და აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. ოზურგეთის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.