''4 წლის მანძილზე აჭარის 5 მუნიციპალიტეტში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციისას 50 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, რაიონებში პრობლემები მაინც მოუგვარებელია'' - აცხადებენ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები.
გია აბულაძის თქმით, განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს. დეპუტატი ირწმუნება, რომ საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილი გაიფლანგა.
''მუნიციპალიტეტის მერები ჩარევით საეჭვო შესყიდვები ხორციელდება, ამასთან ერთად არ კონტროლდება სამუშაოების შესრულების ხარისხი. ხშირ შემთხვევაში დაუსრულებელ პროექტებს იბარებენ. ეს ყველაფერი კორუფციასთან დაკავშირებით კითხვით ნიშნებს აჩენს. მთავრობა მის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს არ ახორციელებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ გარიგებაში მთავრობაც მონაწილეობს'' - აცხადებს გია აბულაძე.
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები პროკურატურასა და აუდიტის სამსახურებს მიმართავენ, წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციაზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ფაქტები და საქმეები დაუყოვნებლივ შეისწავლონ.
გია აბულაძის თქმით, აჭარის მთავრობაში უნდა შეიქმნას კომისია რომელიც ხარჯების მიზნობრიობას შეისწავლის.