საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა მოქალაქის სასარგებლოდ არაკონსტიტუციურად ცნო

11 მაისი 2018, 00:00 1589 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე, რომელიც EMC-მ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მოიგო. ამიერიდან სოციალური შემწეობის მიღების უფლება იმ ოჯახებსაც ექნებათ, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ ცხოვრობენ.

მოსარჩელე თამარ თანდაშვილმა სადავოდ გახადა მთავრობის მიერ 8 წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც „პირი ვერ დარეგისტრირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუ იგი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში.“ მოსარჩელე აქცენტს აკეთებდა უთანასწორობაზე. ამბობდა რომ წესი ლახავს ადამიანის ღირსებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელის ეს პოზიცია გაიზიარა – ამიერიდან სოციალური დახმარებით სარგებლობის უფლება ყველა პირს ექნება და ამის დამაბრკოლებლად აღარ განიხილება უნებართვოდ ცხოვრება.

სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირ პირობებში მყოფი ადამიანები დახმარების თვალსაზრისით დიფერენცირებულები იყვნენ, რასაც არ აქვს გონივრული გამართლება.

საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის ღირსების უფლებასთან მიმართებით შეაფასა იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევის კონსტიტუციურობა და მიიჩნია, რომ ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იქნეს მიზნის მიღწევის საშუალებად, შესაბამისად იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მოთხოვნებს.

ამავე კატეგორიაში