ბათუმის მერია ''უკვდავი პოლკის'' მსვლელობაზე: მსვლელობას მერიის ნებართვა არ სჭირდება

08 მაისი 2018, 00:00 3633 ნახვა

9 მაისს, ბათუმში "უკვდავი პოლკის" მსვლელობასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მათ მსვლელობის ჩატარებაზე ნებართვა არ გაუციათ, რადგან კანონმდებლობით ამის აუცილებლობა არ არსებობს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განმარტებით, წერილი, რომელიც მერიამ "უკვდავი პოლკის" მსვლელობის ორგანიზატორებს გაუგზავნა და რომელსაც ქალაქის მერი ლაშა კომახიძე აწერს ხელს, ეს ორგანიზატორებისადმი პასუხია, რომლებიც მსვლელობის შესახებ მუნიციპალიტეტს აფრთხილებდნენ. 

"ბათუმის მერიამ ორგანიზატორებს წერილობით მიმართა, რომ საკანონმდებლო ნორმების ფარგლებში ჩაატარონ ღონისძიება, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია სამართალდამცავი სტრუქტურები. როგორც მერიისთვის ცნობილია, აქცია მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად იმართება" - განაცხადეს მერიაში. 

9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად, საქართველოს სლავი ხალხების ეროვნული კონგრესი, მოძრაობა „უკვდავი პოლკი - საქართველო", საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირი „სამშობლო" და „საქართველოს კაზაკთა მრავალნაციონალური კავშირი",  სამ ქალაქში "უკვდავი პოლკის" მსვლელობის გამართავენ. 

მსვლელობა  თბილისში, გორსა და ბათუმში გაიმართება.

სოციალურ ქსელში, ბათუმელების ნაწილმა მერიის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი და აქცია სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. ბათუმელების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა აქციაზე ვეტერანების ფოტოების გარდა, გამოიყენონ საბჭოთა სიმბოლიკა, გეორგიევსკის ლენტი და ა.შ.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით,  ქვეყანაში აკრძალულია საბჭოთა და ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება, მათ შორის დროშის, გერბის და ა.შ.

"უკვდავი პოლკის" ხელმძღვანელი საქართველოში რევაზ გოგიძე, რომელიც ბათუმში აქციისთვის ემზადება, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ აქცია არ გამოჩნდება საბჭოთა კავშირის სიმბოლო და მათ შორის არც გეორგიევსკის ლენტი.

"უკვდავი პოლკი" ესაა მსვლელობა, რომელიც რუსეთში 2012 წლიდან დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მასში აქტიურად არის ჩართული რუსეთის მმართველი პარტია, ბაიკერული კლუბი "ღამის მგლები" და თავად ვლადიმერ პუტინიც.

9 მაისს მსვლელობა, ომის ვეტერანების ფოტოებით, საბჭოთა სიმბოლიკებით და გეორგიევსკის ლენტებით მიმდინარეობს და მას რუსული მედიასაშუალებების დიდი მხარდაჭერა აქვს.

ბათუმში მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი