პარლამენტის წევრებმა რეგლამენტი არ შეცვალეს და საქართველოს პრეზიდენტს დებატებში ჩართვის უფლება არ მისცეს. პრეზიდენტის ულტიმატუმი არ დააკმაყოფილეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის საქციელი, კანონმდებლობის და პარლამენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა იყო. მისი თქმით, პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, ყველა კითხვაზე პასუხი პროცედურების დაცვით გაეცა.
მიეცეს თუ არა პრეზიდენტს დისკუსიაში ჩართვის უფლება? - ამ ფორმულირებით საკითხს კენჭი სხდომაზე უყარეს. 28-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რომ პრეზიდენტს საშუალება მისცემოდა, პერმანენტულ რეჟიმში დისკუსიაში ჩართულიყო, 50 კი წინააღმდეგი იყო.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატით. მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ გიორგი მარგველაშვილი გადახედავს თავის პოზიციას და პატივი სცემს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ის დაუბრუნდება პლენარულ სხდომათა დარბაზს“, - განაცხადა კობახიძემ.
კენჭისყრამდე, ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ კანონმდებლებს პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ და საშუალება მიეცათ პრეზიდენტისთვის კითხვაზე პასუხები გაეცათ. მმართველი გუნდის ნაწილი მიიჩნევდა, რომ გიორგი მარგველაშვილისთვის ეს ''ხუშტური'' არ უნდა დაეკმაყოფილებინათ, რადგან მან დადგენილი რეგლამენტი წინასწარ იცოდა.
პარლამენტში მიმდინარე დებატები საპარლამენტო უმცირესობამაც დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზიდან გავიდა. მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარესთან იკამათა.
პრეზიდენტი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება, ირაკლი კობახიძემ კი მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით, ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას მიეცემოდა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, რეგლამენტში არსად წერია, რომ დებატებისას პრეზიდენტს პასუხის გაცემის უფლება არ აქვს.
„გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი, რასაც მივესალმე და ამის თაობაზე იყო დაანონსებული არაერთხელ. ბუნებრივია, რომ პატივს ვცემ, დეპუტატებთან მქონდეს საუბრის და დებატების შესაძლებლობა. რომელსაც პარლამენტი კითხვებზე პასუხის გაცემას მიკრძალავს, ამის შინაარსს ვერ ვხედავ. შემიძლია, ტელევიზორში ვუყურო სხდომას'' - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მედიასთან.
გიორგი მარგველაშვილმა დღეს პარლამენტში წლიურ ანგარიში წარადგინა.