ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა თუ, გაუმართავი საბაგირო გზა. გუდაურში მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს. საქმე 275-ე მუხლითაა აღძრული, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გამოძიების პროცესში საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც ერთი შვედეთის, რუსეთის 6 და უკრაინის 4 მოქალაქე დაშავდა.
კომპანია "ენერგო პრო - ჯორჯიას" ინფორმაციით გადამოწმდა ქსელში არსებული მდგომარეობა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადგილი არ ჰქონია არათუ ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტას, არამედ რაიმე სახის ძაბვის ცვალებადობასაც. დაშავებული 7 მოქალაქე ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში რჩება, მედიკოსების ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შედარებით მძიმეა უკრაინის მოქალაქის, 30 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ხერხემალზე დაზიანება აღენიშნება და ოპერაცია ჩაუტარდა.