ქალთა კვოტირების მხარდაჭერას პარლამენტს 118 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს

08 მარტი 2018, 00:00 2801 ნახვა

"სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პლენარულ განხილვაზე მხარი დაუჭიროს 37,455 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიზანიც ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა" - ასე იწყება არასამტავრობო ორგანიზაციების მიმართვა პარლამენტისადმი, რომელსაც 118 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. 

"2017 წლის 12 ივნისს, 37,455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი. შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იქნება მინიმუმ 26%.

საქართველოში მოსახლეობის 52.3% ქალია, თუმცა არჩევით თანამდებობებზე ქალების წარმომადგენლობა შეუსაბამოდ დაბალია. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 16% მოიპოვეს, ხოლო საკრებულოებში არჩეული დეპუტატების 13.46%-ია ქალი. ამ მაჩვენებლებით, საქართველო ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მიუხედავად უკანასკნელ წლებში არჩეულ ქალთა რაოდენობის მცირე ზრდისა, არსებული ტემპებით საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას ათეული წლები დასჭირდება.

გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალებს არჩევნებში კანდიდატებად დასახელებისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვა უწევთ. ქალთა წარმომადგენლობას ხელს არ უწყობს საქართველოში დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემაც.

არსებული ბარიერების დაძლევა თანასწორობის უზრუნველსაყოფად ქმედითი ზომების გატარებას მოითხოვს. პროპორციულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირება, სწორედ საკანონმდებლო, დროებით ზომას წარმოადგენს ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკაში თანასწორი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალების რაოდენობა პარლამენტსა და თვითმმართველობის ორგანოებში ძალიან ცოტაა და მხარს უჭერს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას, რაც 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერითაც დასტურდება" - ნათქვამია განცადებაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი