‘’ნამდვილად მივაღწიეთ შედეგებს ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის სახით. ამ გზით ევროპა კიდევ უფრო დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა საქართველოს ევროპული მომავალი, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგსაც შეეხო.
ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. ‘’შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში არსებული დინამიკური პროგრესი, როგორიცაა: ასოცირების შეთანხმების ამოქმედება, აქტიურ ფაზაში შესული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ენერგეტიკულ კავშირში საქართველოს გაწევრიანება, მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც ყველაზე ხელშესახები სარგებელია საქართველოს მოსახლეობისთვის’’ - წერია განცხადებაში.