ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე, სხდომა დღეს გაიმართება

20 თებერვალი 2018, 00:00 5292 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე, პირველი სასამართლო სხდომა დღეს ჩატარდება. 

ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით,  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ სარჩელი მუსლიმმა თემმა 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა. საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. მუსლიმი თემი სარჩელით, მეჩეთის მშენებლობის მიზნით შეძენილ მიწის ნაკვეთზე, საჭირო ნებართვის გაცემას, ასევე  მერიის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას მოითხოვს.

შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშვიდობიანი შეკრებები და რელიგიური მსახურება ამ დრომდე გრძელდება. ტერიტორია "ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდის" საკუთრებაა. 3000 კვადრატული მეტრი მიწა, რამდენიმე თვის წინ,  400 000 ლარად შეიძინეს.

2017 წლის 5 მაისის ბრძანებით, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“, რომელიც განვადებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებას ითხოვდა, მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე უარი განუცხადა.

გადაწყვეტილება კი ორი არგუმენტით ახსნა:

1.''სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6-ში (სზ-6), რომელიც არის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა და მისი განაშენიანების დომინირებულ სახეობას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლები''.

2. საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით, რომლის მოწყობის შესაძლებლობა მითითებულ მიწის ნაკვეთზე რთულია.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბათუმის მერიის მხრიდან გამოყენებული არგუმენტები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, დაუსაბუთებელი და უკანონოა.

მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი