ბათუმის მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს

09 თებერვალი 2018, 00:00 2816 ნახვა

 "ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი ბათუმი სმერიის მიერ ახალი სპორტული ბაზის ჩაბარების საკითხს ეხება.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნოდარ დუმბაძე ამტკიცებს, რომ ანგისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ დრომდე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, თუმცა მერიას ჩაბარებული აქვს ობიექტი და კომპანიას 4 მილიონ 116 ათას170 ლარი გადაურიცხა. 

პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ იკვეთება კორუფციის ნიშნები და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა.

ნოდარ დუმბაძემ საჩივარი აჭარის პროკურატურას დღეს ჩააბარა. საჩივარში ნათქვამია:

"სპორტული ბაზა სავარჯიშოდ არ არის უსაფრთხო, არსებობს ტრავმების მიღების მაღალი რისკი, მოუწესრიგებელია სადრენაჟო სისტემა და წვიმის დროს დგება წყალი, სამუშაოები არ წარმოებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ბაზისთვის განსაზღვრული მასალის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი, სამუშაოები ბაზაზე ახლაც მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერიამ გადაიხადა წინასწარ თანხა სამუშაოების დასრულებამდე". 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი აჩენს კორუფციული გარიგების საფუძვლიან ეჭვს. ასევე, მათი მტკიცებით, იკვეთება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და მიმართავენ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება.

ბათუმის მერიამ  საპასუხო განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და პარტია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. "სპორტულ ბაზაზე პროექტით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულებულია. ბაზის შენობა ჩაბარებულია ყველა საჭირო პროცედურის დაცვით და სამუშაოების შესრულების ხარისხიანობა დადასტურებულია სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს მიერ.

სპორტული ბაზის მოვლა-პატრონობას საფეხბურთო კლუბი ,,დინამო ბათუმი“ უზრუნველყოფს" ნათქვამია განცხადებაში.

მერიის განცხადებით,  შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს საფეხბურთო კლუბი ,,დინამო ბათუმი“ აწარმოებს. "საუბარია დამატებით სამუშაოებზე სატრენაჟოროს მოწყობის მიზნით, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია არის საჯარო და მისი გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია".

 

 

 

 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში