‘’ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად’’ - ''Human Rights Watch''-ის ანგარიშში

23 იანვარი 2018, 00:00 3918 ნახვა

‘’ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად’’ - წერია დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩმა”  გამოაქვეყნა. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან მხოლოდ 2017 წლის პირველ ნახევარში 18 დაიღუპა.

გასულ წელს, ბათუმში მშენებარე ობიექტზე დასაქმებული ათობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე კი გარდაიცვალა.  

ლეხ და მარია  კაჩინსკების ქუჩაზე, მშენებარე ობიექტზე ახალგაზრდა მუშები სექტემბერში დაიღუპნენ.  ისინი ამწეს სპეციალურ ავზზე ისხდნენ, რომელსაც  ბეტონი გადაჰქონდა, რა დროსაც ბაგირი გაწყდა და მუშები ბეტონთან ერთად მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი კიდევ ერთ მსგავს მასალას ინახავს. 22 მარტს, ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 55 წლის კაცი, გადმოვარდა და გარდაიცვალა.

რაც შეეხება დაშავებულებს, მსგავსი შემთხვევები უფრო ხშირია, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი ფაქტი 27 დეკემბერს დაფიქსირდა.

მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა. დაშავებული რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მაშინ სამუშაოების მწარმოებელმა განაცხადა, რომ დაზარალებული მოწვეული ექსპერტი იყო, რომელიც კონსტრუქციაზე ამწეს შესამოწმებლად ავიდა.

კიდევ ერთი მოქალაქე დაშავდა იუსტიციის სახლის მიმდებარედ, მშენებარე კორპუსში. მაშველებმა  კაცი, რომელიც მძიმე ტექნიკის ქვეშა იყო მოყოლილი რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კი დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ‘’სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შრომის ინსპექციას სტანდარტების აღსრულების უფლებამოსილების არქონის გამო აკრიტიკებდნენ. სამუშაო ადგილებზე ვერ დაინერგა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი ზომები’’ - წერია “ჰუმან რაითს ვოჩის”  ანგარიშში.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია საუბარი, პასუხისმგებელი პირების დასჯის საკითხს უკავშირდება.

‘’სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით - ნათქვამია განცხადებაში.

2018 წლის ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. 643-გვერდიან დოკუმენტში შეფასებულია გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკა 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი