საქართველოს მთავრობის მეთაურს ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა უკრაინელმა კოლეგამ. ვოლოდიმირ გროისმანმა სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. ეს განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოკეგასტან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები ერთმანეთს პირისპირ ფორმატში შეხვდნენ. ''მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,- განაცხადა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერისათვის.
საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში აქტიური თანამშრომლობა იყო მთავარი თემები გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და გამოწვევებს.