ბათუმში, ბარათაშვილის 24 ნომერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების კანონიერებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი პირველ სექტემბრამდე გადაიდო. სარჩელის ავტორმა, საზოგადოება „ბათომმა“ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა უნდა შეიტანოს, რადგან სასამართლოს მიმდინარეობის დროს ბათუმის მერიამ სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა უკვე გასცა და ამის გამო მესამე სასარჩელო მოთხოვნაც უნდა დააყენოს. „ბათომის“ წარმომადგენლების განცხადებით, კანონდარღვევით მოხდა როგორც არქიტექტორული შეთანხმება, ისე კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს მიერ ნებართვის გაცემა.
ბათუმის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს, სიტყვიერად კი გვითხრეს, რომ ნებართვები მერიის მხრიდან კანონიერად გაიცა. ბარათაშვილის 24-ში, სამშენებლო კომპანია “დარ ბილდინგმა” ისტორიული შენობა მიმდინარე წლის თებერვალში დაანგრია, რის გამოც მაშინ ზედამხედველობის სამსახურმა 7500 ლარით დააჯარიმა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, რაც ასევე გახდა განხილვის გადადების ერთ-ერთი საფუძველი.