ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია. მაიკ პენსი ესტონეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, ევრო-ტურის ფარგლებში, ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა თბილისში. საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ეს ვიზიტი არის ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, 2 დღის წინ ამერიკის სენატის გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, როდესაც სენატორებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომლითაც მკაცრდება ეკონომიკური სანქციების რეჟიმი რუსეთისთვის, ასევე ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვის. ახლა ჯერი დონალდ ტრამპზეა, მან უნდა გადაწყვიტოს აქცევს თუ არა პროექტს კანონად, რომელშიც სერიოზულ საფრთხედ არის შეფასებული საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მიმართ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი აგრესიული ქმედებები.