ქვიშის ჭიდაობაში მამუკა კორძაია და ლევან ქელეხსაშვილი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

20 ოქტომბერი 2025, 09:01 104 ნახვა

ხაშურელი ლევან ქელეხსაშვილი და ბათუმელი მამუკა კორძაია ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. მათ ეს ტიტული ეგვიპტურ ალექსანდრიაში, მსოფლიოს სერიის ფინალურ ეტაპზე გამარჯვებით მოიპოვეს.

კორძაიამ მსოფლიო სერიების მე-5 ეტაპის ფინალში უკრაინელი მეტოქე 3-0 დაამარცხა, 4000 ქულა მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. უკრაინელი მეტოქე დაამარცხა 2:1 ლევან ქელეხსაშვილმაც და მანაც 4000 ქულასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯემალ კილაძე ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ ქვიშის ჭიდაობაში 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. 2025 წელს, ჯემალ კილაძის შეგირდებმა, მსოფლიო სერიების ეტაპებზე 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ამასთან ერთად კი ლევან ქელეხსაშვილი (70კგ) და მამუკა კორძაია (90კგ) მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ წელს მისი ხელმძღვანელობით, ასაკობრივმა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მსოფლიო ჩემპიონატზე კი 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ამასთან ერთად საქართველოს 17 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრები წელს გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ჩვენი ჩემპიონები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან და დეტალებს მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ჩვენს შემდგომ გამოშვებებში შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში