ირანთან 10 წლის წინ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს ატომური იარაღის გავრცელებისგან დაცვას, ოფიციალურად დასრულდა - თეირანმა შეთანხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანა აღარ არის შეზღუდული შეთანხმებით - ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმით, რომლის ფარგლებშიც თეირანს, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, საერთაშორისო სანქციები მოეხსნა.
თუმცა, უწყებაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანა „მტკიცედ გამოხატავს დიპლომატიისადმი ერთგულებას“. The Guardian-ი წერს, რომ ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, რომელსაც 2015 წელს ვენაში ხელი ირანმა, ჩინეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და აშშ-მა მოაწერეს, მრავალწლიანი დიპლომატიური ჩიხი უნდა დაესრულებინა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე