გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის პირველი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 107 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 30 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
"სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ორ მილიონ ლარზე მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის სექტემბრის თვის სტატისტიკას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილია ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 11 ფაქტი; მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 1 ფაქტი შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ"- აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე