ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა პირიდან სამს ორი წლითა და ექვსი თვით, ხუთ პირს კი ორი წლით პატიმრობა მიესაჯა

02 სექტემბერი 2025, 13:08 139 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა პირის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

ბრალდებულთაგან ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი ორი წლით პატიმრობა მიესაჯათ.

საქმეზე განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. მჭედლიშვილმა ბრალდებულებითვის სსკ-ის 225-ე მუხლით წაყენებული ბრალი 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში მონაწილეობას.

როგორც საქმის მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა აღნიშნა, სასამართლო დაეყრდნობა პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც  ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში