ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებები შეუფერხებლად მიმდინარეობს - შემოსავლების სამსახური

29 ივლისი 2025, 16:16 162 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედიასაშუალებით დღეს გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომელიც ქვეყნის საზღვრებზე საბაჟო კონტროლის პროცედურებს ეხება.

შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ამასთან, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე-ოფიცრების რაოდენობა.

მომატებული საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან.

აქვე განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით გააჩნია უახლესი ინსპექტირების სისტემები.

საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია სხვადასხვა დანიშნულების სტაციონალური რენტგენო-სკანერებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ასევე ხელს უწყობენ უსაფრთხოების დაცვასა და ამავდროულად, ამცირებენ საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში