საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს აქვს დიდი რეგიონული და გლობალური მნიშვნელობაც, ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო დროულია ორ ქვეყანას შორის არსებული დიალოგი - მაკა ბოჭორიშვილი

22 ივლისი 2025, 14:13 105 ნახვა

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები დიდი ხანია, გასცდა ორმხრივი ურთიერთობის ჩარჩოებს. მას აქვს ძალიან დიდი რეგიონული და გლობალური მნიშვნელობაც. ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო დროულია ის პოლიტიკური დიალოგი, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არის საუკეთესო გაგრძელება ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის.

„მივესალმები მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს გიმასპინძლოთ საქართველოში და გულწრფელად მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის, რომ მიიღეთ მოწვევა და დღეს სტუმრობთ საქართველოს. მიმდინარე წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები კარგად აისახება ჩვენს პოლიტიკურ დიალოგზე. არაერთი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა, არაერთი შეხვედრა შედგა ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის. დღევანდელი ვიზიტი არის საუკეთესო გაგრძელება ამ ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის, რაც ორ ქვეყანას შორის ასე წარმატებით ხორციელდება. ჩვენი ქვეყნის ისტორია და ურთიერთობები სავსეა მეზობლობის, მეგობრობისა და პარტნიორობის საუკეთესო მაგალითებით. სწორედ ამ საფუძვლით დღეს ვსაუბრობთ ჩვენი კავშირების გაღრმავებაზე, მისი გაძლიერების შესაძლებლობებზე. ჩვენი ურთიერთობები დიდი ხანია, გაცდა ორმხრივი ურთიერთობის ჩარჩოებს, მას აქვს ძალიან დიდი რეგიონული და გლობალური მნიშვნელობაც. ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო საინტერესო, საჭირო და დროულია ის პოლიტიკური დიალოგი, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

„დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა, განგვეხილა ბევრი საკითხი, რაც უკავშირდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სექტორში, ჩვენი პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას. ასევე განვიხილეთ რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესები, გავლენები, რაც ამ პროცესებს აქვს ჩვენს ქვეყნებზე, ჩვენს ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე. საქართველოსთვის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად რჩება ორი რეგიონის ოკუპაცია და ეს არის არა მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის, არამედ გავლენას ახდენს მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში. პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ცალსახად იქნა აღნიშნული, რომ პოტენციალი ამ მიმართულებით არის იმაზე დიდი, ვიდრე დღეს ჩვენ გვაქვს გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია ციფრები, მოწადინებული ვართ, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა, რათა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გაიზარდოს. ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. ასევე ვისაუბრეთ უფრო ფართო, რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობაზე. არაერთი ვიზიტი ვახსენეთ, რომელიც განხორციელდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში. სწორედ ამ კონტექსტში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის, მეგობრობისა და პარტნიორობის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდი და უკეთ გამოსაყენებელია, რათა „შუა დერეფანი“, რაზეც ასე ხშირად მიმდინარეობს საუბარი, უკეთ იქნას ათვისებული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო გულწრფელად არის დაინტერესებული რეგიონში მშვიდობის განმტკიცებითა და სტაბილურობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი