თორნიკე რიჟვაძეს ერთი ჭრილობა აქვს და საბედნიეროდ მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია - მიხეილ სარჯველაძე

07 ივლისი 2025, 13:49 368 ნახვა

თორნიკე რიჟვაძეს ერთი ჭრილობა აქვს და საბედნიეროდ მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია- აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძე ამჟამად საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„მოგეხსენებათ, რომ თორნიკე რიჟვაძე გვიან ღამით შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე ჩაუტარდა. ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო. ეს წარმატებით მოხერხდა. შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკვე აქ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით. ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმები არის სახეზე. რა თქმა უნდა, სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ბუნებრივია, ამ დროს აუცილებელია გარკვეული პრევენციული ღონისძიების ჩატარება, სამედიცინო თვალსაზრისით. რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკლებლივ ყველაფერი უკეთდება თორნიკე რიჟვაძეს. ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის, თავზარდამცემი შეიძლება ასე იყოს. ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა.

პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. ეს ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის და განსაკუთრებული დაკვირვების. განსაკუთრებული მკურნალობაა აუცილებელი იმისთვის, რომ რისკი, რომელიც ზოგადად არსებობს, იქნას განეიტრალებული. შესაბამისად, მოხდეს ზრუნვა ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე.

რაც შეეხება ჭრილობას - ერთი ჭრილობაა. საბედნიეროდ, დაზიანებულია მხოლოდ ფილტვი და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხორციელდებოდეს ინტენსიური მეთვალყურეობა და შესაბამისი სამედიცინო მოქმედებები, რაც კლინიკაში რეალურად უზრუნველყოფილია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში