პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

27 ივნისი 2025, 18:33 104 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ორი პირი განზრახ მკვლელობის მიზნით, თავს დაესხა კაბალის ბაზრის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაღაზიის მფლობელი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ასევე, ადგილზე მყოფი პირის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ჯგუფურად) და 109-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში