„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ - დავით ბაქრაძე

23 ივნისი 2025, 09:06 154 ნახვა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენება, საქართველოს სახელმწიფო ყოფილ მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს უსმენენ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველო აქტიურად მუშაობდა ევროლიბერალიზაციის მისაღებად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ.

"2015 წლის ასოცირების საბჭოსთვის მზადების დროს მკაფიოდ გამოიკვეთა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ანუ, ამ პერიოდში საქართველოს უკვე ყველა რეფორმა განხორციელებული ჰქონდა და ჩვენი მთავარი მიზანი იყო უკვე ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ ვმუშაობთ ვიზალიბერალიზაციაზე, განხორციელდა რეფორმები, წარვადგინეთ ეს ასოცირების საბჭოზე, სადაც განხილულ იქნა ეს საკითხები მთლიანად და ჩვენს დღის წესრიგში რასაკვირველია არის ის, რომ დეკემბრის თვეში დაგეგმილ ევროკომისიის სხდომაზე იყოს დადებითი დასკვნა. ჩვენ 14 ნოემბერს შევხვდით და ამ ვიზიტის ფარგლებში, ბუნებრივია, მთავრობას გარდა ამ ფორმატში მონაწილეობისა ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიის წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტთან, საექსპერტო საზოგადოებასთან, ვისაც ტრადიციულად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აქვს შესაბამისი გავლენა და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ ამავე პერიოდში, ამავე თვეების განმავლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ და პირდაპირ ყველა ამ შეხვედრაზე, ეს ევროპარლამენტარები იყო, კომისიის ბიუროკრატი წარმომადგენლები, თუ ასე ვთქვათ ექსპერტები, ყველა გამოხატავდა იმ პოზიციას, რომ აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელი იყო, როგორ შეიძლება იმ პერიოდისთვის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა პროევროპული განვითარების მხარდაჭერა, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო ქვეყნის მოსახლეობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, როგორიც არის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ეს გადაწყვეტილება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ.

 

პარტიული დაპირისპირება, ასე ვთქვათ ევროპელი დიპლომატებისთვის სრულიად გასაგებია, ეს ბუნებრივი პროცესია და ოპოზიცია ინსტიტუციური დემოკრატიისთვის ზოგადად, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ხელისუფლების ნაწილადაც მოაზრება, რომლის როლიც ასევე მნიშვნელოვანია, იმ პროცესებში და განვითარების გზაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის წარმოადგენს პრიორიტეტს და რასაკვირველია, ევროინტეგრაცია ეს ჩვენი მოსახლეობის გეოპოლიტიკური არჩევანია. პირდაპირ ვერ მალავდნენ გაკვირვებას, აღშფოთებას, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებისთვის მათ ოპონენტებთან ბრძოლა გადაიქცა გარკვეულწილად სახელმწიფოსთან და ხალხთან ბრძოლად", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთ ლობისტურ ორგანიზაციასთან კონტრაქტის ხელმომწერი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო ბათუ ქუთელია, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ამ უხერხულობის გამო საბჭომ ბოდიშიც მოიხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, ყველაზე ხშირად, რასთანაც შეხება უწევდა, აღქმები იყო.

„ერთი მხრივ, მიგვქონდა ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კვლევებით, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის, საკუთრების უფლების, ადმიანის უფლებების, მართლმსაჯულების სისტემის, კორუფციასთან ბრძოლის პროგრესს ვაჩვენებდით როგორც ფაქტს. მეორე მხრივ, გვხვდებოდა იქიდან აღქმები, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, აღქმები ცოტა განსხვავებულია და ეს აღქმები რით ყალიბდებოდა? ძირითადად მუშაობდა ლობიზმი, ლობისტური კომპანიები და კონტრაქტები, რომელიც არაერთი იყო, რომელიც ემსახურებოდა დეზინფორმაციას და საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის მიტანას. დაახლოებით ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, რაც მე იქ მომიწია მუშაობა, 5-6 სხვადასხვა კონტრაქტი იყო, რომელიც გაფორმებული ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით. ეს დოკუმენტები სწორედ FARA-ს კანონის წყალობით ხელმისაწვდომია და ნებისმიერს შეუძლია, ნახოს, რამდენად ართულებდა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იმ პერიოდში აკეთებდა ლობიზმის საშუალებით.

გამორჩეული კონტრაქტი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ კონტრაქტი. გარკვეულწილად შეიძლება გახსოვდეთ, საკმაოდ დიდი უხერხულობა შეიქმნა მაშინ, რადგან ამ კონტრაქტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მითითებული იყო ბათუ ქუთელია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც იყო ამერიკის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი და ის იყო მითითებული ხელმომწერად. ამ უხერხულობის გამო ატლანტიკურმა საბჭომ ბოდიშიც მოიხადა და ა.შ. თავად FARA-ს საიტზე ატვირთულ მასალებში პირდაპირ ჩანს თარიღები, შეხვედრები, საკითხები, რაზეც მიდიოდა გამზადებული ნარატივის მიტანა ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის. განსახილველ საკითხებში პირდაპირ მითითებული იყო, რომ ეს იყო პრორუსული სახელმწიფოს შესახებ, ანტიამერიკული სახელმწიფოს შესახებ და ა.შ. ამას დისკუსიის, განხილვის ფორმაც კი არ ჰქონდა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი