საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ფაქტები გამოავლინა

20 ივნისი 2025, 09:58 107 ნახვა

საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საიუველირო ნივთების საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ხუთი ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  ამოღებულია ჯამში 942 გრამი ძვირფასეულობა, რომლის ღირებულება შეადგენს 234 ათას ლარს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2025 წლის მაისის თვეში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ხუთი ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა პირის მიერ, საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფის“ და „სადახლო საავტომობილოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა ჯამში 920.46 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ასევე, გამოვლენილ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, 62 ცალი, 24.2 კარატი ბრილიანტის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის მცდელობის ფაქტი.

ჯამში ამოღებულია 941.53 გრამის ოდენობის ძვირფასეულობა, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 234 412 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით”,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში