ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს ალექსანდრე ტაბატაძე და კახა კახიშვილი არიან დაბარებული.
ალექსანდრე ტაბატაძე პროკურატურაში 13:00 საათზე, კახა კახიშვილი კი 18:00 საათზე მივა. ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, კახა კახიშვილი კი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
შეგახსენებთ, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.
გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით უკვე გამოიკითხა ვახტანგ გომელაური.