საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

16 ივნისი 2025, 10:29 81 ნახვა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. 12-კაციან ჯგუფს იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ხელმძღვანელობდა. ტურის ფარგლებში, სტუმრები ღვინის კომპანიებსა და მარნებს იმერეთსა და რაჭაში ეწვივნენ. მათი შთაბეჭდილებები და შეფასებები იაპონურ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე გავრცელდება, რაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას ღვინის სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“ ხელმძღვანელი კენიჩი ოჰაში, იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია.

საქართველოში ვიზიტის დროს, კენიჩი ოჰაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2025 ფარგლებში გამართული მე-15 საერთაშორისო ღვინის კონკურსის Georgia International Wine Award ჟიურის წევრიც იყო.

იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan, Wine and Gourmet Japan, RAW Eine Tokyo, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის ბაზარი მზარდი და, ამავე დროს, ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტს წარმაოდგენს, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში