საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს

08 მაისი 2025, 22:45 362 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს. 

"ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოვხატავთ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით.

ჭეშმარიტი ხელოვნება სიკეთის მსახურება და ამ სიკეთის ხალხისთვის გაზიარებაა. სწორედ ეს არის მისი არსი და დანიშნულება, მაგრამ როცა შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, თესავს ღვარძლს, სიძულვილს და სიბილწეს, იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას, მაშინ ის უკვე მიზანმიმართული ბოროტებაა და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ხელოვნებასთან.

როგორც წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, თავისუფლება არ ნიშნავს იმის კეთებას, რაც გინდა, თავისუფლება ნიშნავს, აკეთო ის, რაც საჭიროა.

მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასოს, რომ ამგვარი ქმედება არ უნდა შეინიღბოს თავისუფლებისა და ხელოვნების სახელით, არ უნდა იქცეს ღვთის გმობის, რწმენის, ზნეობისა და ისტორიული მეხსიერების დაცინვის ინსტრუმენტად.

აღნიშნული ღონისძიების შემოქმედებს კი მოვუწოდებთ სინანულისაკენ და შევახსენებთ, რომ ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი, შეუნანებლობის შემთხვევაში, საეკლესიო სასჯელის სახით, ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება", - წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში. 

სავარაუდოდ განცხადება ეხება რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლს "ლიბერტე“.

ანონსში მითითებულია, რომ სპექტაკლზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან და აკრძალულია გადაღება. თუმცა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში სპექტაკლიდან ერთწუთიანი მონაკვეთი გავრცელდა. გუშინ "სამეფო უბნის თეატრთან“ აქციაც გაიმართა.

აქციის მონაწილეები თეატრს „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში“ ადანაშაულებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი