აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

06 მაისი 2025, 09:51 88 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს"  მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ცნობისთვის, „მეგობარი აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, კონგრესმენების განცხადებით, იგი ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს:

„დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;

აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ;

მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას;

გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით;

გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში;

მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში