„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად 50 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ ნათია თათიაშვილის მოთხოვნა.
პროკურორი მელიას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხეზე საუბრობდა. არგუმენტად უთითებდა მელიას წინა სისხლის სამართლის საქმეს და გირაოს, რომლის პირობაც, პროკურორის აზრით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობით დაირღვა.
მიმალვის საფრთხეზე საუბრისას კი პროკურორი განმარტავდა, რომ მიმალვა მხოლოდ ქვეყნის დატოვებას არ ნიშნავდა, მისი თქმით, უჭირდათ მელიასთან დაკავშირება საქართველოშიც.