საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა

16 აპრილი 2025, 12:27 98 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიხეილ ყაველაშვილს ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მიხეილ ყაველაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, რომ საქართველომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში დიალოგისა და დიპლომატიის ხელშეწყობის პროცესში.

ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში