უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტების გაცემის კონტროლთან დაკავშირებით მთავრობის უფლებამოსილება და ანტიკორუფციული ბიუროს ბერკეტები შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს. ამ მიმართულებით “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ჩასწორდება, აღნიშნული წინადადებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გამოვიდა.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე ფრაქცია “ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის ამოქმედების შემდეგ საერთაშორისო დონორები გრანტს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემს.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება - თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება კი აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. კანონი ადგენს გამონაკლისსაც - ეს არის სპორტის, განათლების და მეცნიერების სფეროები.
ასევე წესი არ გავრცელდება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე.