ქართული ენა ჩვენი ერის თვითმყოფადობის, იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი წინაპრები თავდადებით იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
აღნიშნული პოსტით იგი დედაენის დღეს ეხმიანება.
„1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ზუსტად 47 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა - ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას და არ დაუშვეს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება.
ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მდგომი ქართველი ხალხის ამ გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულ ენას შეუნარჩუნა კონსტიტუციური სტატუსი, არამედ დიდი ბიძგი მისცა ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ამ უპრეცედენტო სამოქალაქო გმირობის ყველა მონაწილის მიმართ.
დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას.
ჩვენი ვალია, ერთობლივი ძალისხმევით ვიზრუნოთ წინაპრების დანატოვარი მემკვიდრეობის დაცვაზე და ამით განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, - წერს ყაველაშვილი.