თეა წულუკიანი არის საგამოძიებო კომისიის ძალიან კარგი თავმჯდომარე, სწორად მიჰყავს კომისიის მუშაობა და ამით არიან გაღიზიანებული ის ძალები, რომლებიც წარსულში სჩადიოდნენ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებთან.
პრემიერის თქმით, გუშინ თეა წულუკიანის სახლთან განვითარებული მოვლენები არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება და ასეთი პროცესები აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია არის სრულიად სასოწარკვეთილი.
„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება და ასეთი პროცესები აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია არის სრულიად სასოწარკვეთილი. სხვანაირად ასეთი არაეფექტური და თან ფაშისტური ქმედებების განხორციელება არ აიხსნება. ასეთი ქმედებები არის განწირული წარუმატებლობისთვის. გაგრძელდება ყველა ის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებასთან, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე, კომისიის საქმიანობაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელმაც უნდა განამტკიცოს საქართველოში დემოკრატიული სისტემა. აქ თეა წულუკიანის როლი არის საკვანძო, ის არის ძალიან კარგი თავმჯდომარე ამ კომისიის, ძალიან სწორად მიჰყავს კომისიის მუშაობა და ამით არიან გაღიზიანებული ის ძალები, რომლებიც წარსულში სჩადიოდნენ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი, მათი მეთოდები არის ფაშისტური და ამ ყველაფრის გამოვლინება იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ“, - განაცხადა პრემიერმა.