საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა დააყენა.
„გიორგი ვაშაძე კომისიის სხდომაზე 10:00 საათზე იყო მოწვეული. მისთვის პროცედურულად ცალსახად იყო ცნობილი, რომ გამოცხადებული იყო 10:00 საათზე. აბსოლუტურად ყველა პარამეტრით გონივრული დროა გასული მას შემდეგ, რაც უნდა გამოცხადებულიყო სხდომაზე და არ გამოცხადდა.
დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მან იცოდა, რომ დაბარებული იყო კონკრეტულ დღეს კონკრეტულ საათზე, მაგრამ, როგორც ვხედავთ, არ მობრძანებულა. შესაბამისად, ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს, რომ გიორგი ვაშაძის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას“, – განაცხადა წულუკიანმა საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე.