„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს უსმენენ.
ციცინო შავაძემ როინ შავაძის გარდაცვალების შემდეგ მომხდარ იმ ფაქტებზე ისაუბრა, რომლის გადატანაც ოჯახს მოუწია.
როგორც გარდაცვლილი ჯარისკაცის მეუღლე იხსენებს, მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო, ისეთი რამ ჰქონდათ მისთვის გაკეთებული. რაც შეეხება როინ შავაძის სახლში გადმოსვენების შემდეგ ვითარებას, ციცინო შავაძის თქმით, ხალხს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს არ მიახლოებოდნენ, თუ არ სურდათ იმავე ბედის გაზიარება.
"არ ვიცი რა დამემართა, ალბათ მთელი ხმით ვკიოდი [საავადმყოფოში], ვანგრევდი ყველაფერს, ჩემი არავის ესმოდა. ბოლოს ჩემებს უთხრეს, ხმა არ ამოეღო არავის და მამშვიდებდნენ, რომ ხმა არ ამომეღო, მე ვკიოდი, არაფერი მახსოვს უკვე და ჩემებისთვის უთქვამთ, ჩემი თავი გაეცილებინათ იქაურობისთვის. აზრზე რომ მოვედი, მე უკვე სახლში ვიყავი და რომაც მოასვენეს.
უბედურება ამით არ დამთავრებულა. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული, სასწაული სუნი ჰქონდა...
ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვეტირა, ხმა არ ამოგვეღო, მთელ ქუჩაზე იდგნენ ფორმიანები, ხალხს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, ახლოს არ გაგვკარებოდნენ, თუ უნდოდათ, მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ. ხალხი პირდაპირ მოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ სამძიმარზე ვერ შემოდიოდნენ და უკან აბრუნებდნენ, რადგან ბინის ყველა კუთხეში იდგა ფორმიანები და უფორმოები... ყველას ეუბნებოდნენ, რომ დაეტოვებინათ იქაურობა. მარტო ავღმოვჩნდით მიცვალებულთან. მხოლოდ TV 25 მოვიდა და ტელევიზია ოთახში რომ შემოვიდა, მიცვალებულთან არავინ იყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი და, ხალხმა დატოვა ტერიტორია, რომ არ ენახა არავის. საშიში იყო და გაიქცნენ. ჩვენ იძულებულნი გავხდით მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყვანა სახლიდან და დაგვეკრძალა", - განაცხადა ციცინო შავაძემ.