შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.ც., 1993 წელს დაბადებული ლ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.
" გ.ლ. - ს და ნ.ც. - ს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა და იძულება. ხოლო ლ.ა. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ლ. - მ ბრალდებულის სახით დაკავებული პირების დახმარებით, ფინანსური დავის საფუძველზე, ნაცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 150 000 აშშ დოლარის გამოძალვა განიზრახა.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბრალდებულები აღნიშნულ პირს სხვადასხვა დროს, თბილისსა და ბათუმში ძალადობით და ძალადობის გამოყენებით, თანხის გადაცემას აიძულებდნენ.
ამასთან ბრალდებულები დაზარალებულს და მის მეგობარ გოგონას, ფულის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებითაც დაემუქრნენ.
კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ლ., ნ.ც. და ლ.ა. ბრალდებულების სახით დააკავეს", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე და 150-ე მუხლებით მიმდინარეობს.