არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის - შალვა პაპუაშვილი

06 აპრილი 2025, 10:29 100 ნახვა

არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ცესკო-ს გადაწყვეტილებები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს ემყარება, რაც არაერთხელ დადასტურდა.

„როცა, ერთი მხრივ, ამბობ, რომ არანაირ არჩევნებს არ აღიარებ და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებ, მაგრამ, მეორე მხრივ, არჩევნების პროცედურებზე შენიშვნები გაქვს, ეს აჩვენებს, რომ ისინი კვლავ დაკავებულები არიან საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებით და სინამდვილეში ისევ საარჩევნო მარათონში ვიხილავთ, რაც ცუდია. რადგან, ზოგადად, თუ არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის.

რაც შეეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, ის, რომ ეს ყალბი აჟიოტაჟი ატყდება ხოლმე უცხოური დაფინანსებით, ეს არაერთხელ დადასტურდა. ასევე, ის, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტისაა, ესეც არაერთხელ დადასტურდა. ამიტომ აქ პრობლემაა არა „ისფედში“, „გამჭირვალეობაში“ და სხვა უცხოური გავლენის გამტარებელ ორგანიზაციებში, არამედ იმ დამფინანსებლებში, რომლებიც ფულს ხარჯავენ ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმაში. პასუხი უნდა ვეძებოთ დონორებში, თუ რა განზრახვებია ქართული დემოკრატიის მიმართ. როცა მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს ალაპარაკებენ, ეს ჩვენთვის სიგნალი უნდა იყოს, რომ ისევ მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე, რაც არაერთხელ მოხდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში