''საარჩევნო ადმინისტრაცია ზედმიწევნით იცავს და მომავალშიც დაიცავს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას და არ მისცემს არავის უფლებას, შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩეველი და დაამკვიდროს მანიპულაციური აღქმები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებამ განმარტა განხორციელებული ცვლილებებიც.
ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.
გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტო-ვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.