პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა. გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
დეპუტატებმა კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა“.
საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხი იქნება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა 2003 წლიდან არა 2012 წლამდე, არამედ დღემდე“.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატის გაფართოების შესახებ შესაბამის დადგენილებაში ცვლილება პარლამენტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ წარუდგინა. საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებს მომხსენებლისთვის კითხვები არ დაუსვამთ.